Сајт посећен
пута.

ქართული მრევლი პარიზის წმ. საბას ტაძარში

პარიზის წმ.საბას სერბულ ტაძარში, სხვადასხვა ეროვნების მორწმუნე მრევლს შორის, მრავლად არიან ქართველები. მათი თხოვნის გათვალისწინებით, ეპისკოპოსმა ლუკამ 2002 წლის 27 იანვარს, საქართველოს განმანათლებლის წმ. ნინოსა და სერბეთის განმანათლებლის წმ. საბას ხსენების დღეს, მღვდლად აკურთხა ქართველი დიაკვანი გიორგი სხილაძე, რომელიც ამავე ტაძარში გარკვეული ხნის მანძილზე მსახურობდა . ამ სულიერმა თანადგომამ ქართველებს საშუალება მისცა, სერბ მოძღვართა შორის ჰყავდეთ თავიანთი ეროვნების სულიერი მამაც და ლოცვები მოისმინონ მშობლიურ ენაზე, რისთვისაც ისინი დიდ მადლიერებას გამოხატავენ სერბული ეკლესიის მიმართ.

მღვდელი გიორგი სხილაძე დაიბადა საქართველოში 1967 წელს. იგი 1987 წლიდან მნათედ, წიგნისმკითხველად და მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელად მსახურობდა საქართველოში, მარგვეთის ეპარქიის ეკლესიებში. მან, ერთ-ერთმა, საფუძველი ჩაუყარა ამავე ეპარქიაში საეკლესიო გალობის არსებობას. საქართველოში არსებული კომუნისტური რეჟიმისა და ათეიზმის რთულ პერიოდში, მას წვლილი მიუძღვის მისიონერულ მოღვაწეობაში. ამავე პერიოდში იყო აქტიური მონაწილე კომუნისტების მიერ დალუქული ტაძრების გახსნისა და ამოქმედების საქმეში.

1990 წლიდან არის თბილისის პეტრე-პავლეს ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი. 1992 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია, 1996 წელს კი გელათის სასულიერო აკადემია. 1993 წელს იგი დიაკვნად აკურთხა მიტროპოლიტმა (აწ განსვენებულმა) კონსტანტინე მელიქიძემ. საფრანგეთში გამომგზავრების წინ იგი დიაკვნად მსახურობდა მარგვეთის ეპარქიასა და თბილისის წმ. პეტრე-პავლეს ტაძარში. მარგვეთის ეპარქიის სასულიერო სასწავლებელსა და სკოლებში იყო საღვთისმეტყველო საგნების პედაგოგი, ასევე თანამშრომლობდა ტელევიზიასთან, როგორც რელიგიურ-საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმების კონსულტანტი. მას საღვთისმეტყველო განათლების მიღებამდე, მიღებული აქვს მუსიკალური განათლებაც.

EGLISE ORTHODOXE SERBE / BP177 - 75864 Paris - 23 rue du Simplon - 75018 Paris - Tel : 01 42 52 99 90 - Fax : 01 42 58 21 07
© egliseorthodoxeserbe.org :: Legal :: E-mail :: Webmaster :: Français